თანამდევი სული – ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?

24 საათი 26.05.10

აქა ამბავი…

ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?
გაგრძელება.

დასაწყისიNN20-109

თავი 2

ილიას მკველელობასთან დაკავშირებით ოფიციალური სასამართლო პროცესი 3-ჯერ ჩატარდა.

პირველი და მეორე მეფის რუსეთის დროს – 1908 და 1909 წლებში.

მესამე საბჭოთა კავშირის არსებობის დროს – 1941 წელს.

სასამართლო პროცესის ჩატარებას აპირებდა მენშევიკების მთავრობაც, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მონდომებით. რამიშვილმა დააპატიმრა ილიას მკვლელები – ფილიპე მახარაძე და გიგლა ბერბიჭაშვილი, მაგრამ ნოე ჟორდანიამ ისინი ციხიდან გააპარა. საკუთარი სახელმწიფო მანქანით წააყვანინა ვლადიკავკაზამდე. ამ გამაოგნებელ ინფორმაციას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის შვილი გვაწვდის.

“როდესაც ნოე რამიშვილმა დააჭერინა ილიას მკვლელობის შეთქმულების მონაწილეები, ფილიპე მახარაძე და ბერბიჭაშვილი და მკვლელობის გამოსაძიებლად საკითხი წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, გამოიყო საგანგებო კომისია. ამ დროს კი ნოე ჟორდანიამ ფარულად გამოაშვებინა ციხის უფროსს დამნაშავეები და თავის მძღოლს თავისივე სახელმწიფო მანქანით ჩააყვანინა ვლადიკავკაზში.” (აკაკი რამიშვილი, ჩვენი შეცდომები, 1918-1921. თბ.2000 წ.გვ.91)

ილიას მკვლელთა შემკვეთებისა და ორგანიზატორების მხილებით მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე არცერთი ხელისუფლება დაინტერესებული არ ყოფილა. მკვლელობის შემსრულებელთა დადგენის მიზნით ოპერატიული და შედარებით პატიოსანი გამოძიება ჩატარდა 1907-1908-1909 წლებში.

დადგენილ იქნა მკვლელობის ყველა მონაწილე.

1) ვინმე იმერელი

2) ივანე ინაშვილი

3) გიორგი (ლომა) ხიზანიშვილი

4) გიგოლა მოძღვრიშვილი

5) გიგლა ბერბიჭაშვილი

6) თედო ლაბაური

7) პავლე ფშავლიშვილი (აფციაური)

ამათგან ვერ დაიჭირეს ორი – გიგლა ბერბიჭაშვილი და ვინმე იმერელი. ვინმე იმერელს მხოლოდ ბერბიჭაშვილი იცნობდა, თავისი საქმიანობით და არა გვარ-სახელით. ვინმე იმერელი, იყო კომიტეტიდან მოვლენილი მკვლელი, მისი დაჭერა პარტიისათვის კატასტროფა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იტყოდა,- გლეხებმა მოკლეს მებატონეო. ამიტომ ვინმე იმერელისა და ბერბიჭაშვილის, როგორც მისი ავანჩავანის მცოდნის ბედი, წინასწარვე განსაზღვრული იყო. მკვლელობის შემდეგ ერთიცა და მეორეც ყალბი პასპორტებით ბაქოს გავლით სპარსეთში გაუშვეს.

იმერელი მხოლოდ 1909 წელს (მანამდე სხვა საქმეზე იყო დაჭერილი 1908 წლის ნოემბრიდან), ციხიდან გამოქცევის შემდეგ, სპარსეთში გადავიდა.

დანარჩენი ხუთიდან ერთი – ფშავლიშვილი, მეტეხის ციხიდან გაქცევის შემდეგ მდევარმა მოჰკლა. მოძღვრიშვილი განაჩენის აღსრულებამდე მოკვდა ციხეში.

სამნი ჩამოახრჩვეს 1909 წელს.

მაშინდელმა პოლიციამ ვერ დაიჭირა ორი მთავარი ბოროტმოქმედი -ვინმე იმერელი და გიგლა ბერბიჭაშვილი ზემოხსენებული მიზეზის გამო. ამიტომ პროკურორმა კი სთქვა, სასამართლო პროცესზე, რომ ამ მკვლელობის უკან უნდა იდგეს პარტია, რომელსაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდაო, პატიმრებმა აღიარეს კომიტეტის დავალებით ვმოქმედებდითო, პრესაშიც ქვეყნდებოდა პუბლიკაციები, სადაც პირდაპირ ადებდნენ ხელს სოციალ-დემოკრატებს (ბოლშევიკების ფრაქციას), მაგრამ განცხადებაზე შორს პროკურორი და მით უფრო სასამართლო ვერ წავიდა.

შესაძლოა იყო საიდუმლო მასალებიც, რომელიც მაშინდელ პრესაში არ გამოქვეყნებულა, პრესისთვის უცნობი მასალები რომ იქნებოდა სასამართლოში, ჩანს იქიდანაც, რომ ვალერიან გუნია დააჯარიმეს და რამდენიმე დღით დააპატიმრეს გ. ხიზანიშვილის ჩვენების სასამართლომდე გამოქვეყნების გამო. ასე რომ, ყველაფერს პრესას არავინ აცნობებდა. სასამართლოს მასალები კი მთლიანად ფალსიფიცირებულ იქნა საბჭოთა ეპოქაში. არ არის გამორიცხული მასალების ფალსიფიცირება მენშევიკების დროშიც მომხდარიყო. ჟორდანიამ თუ დაპატიმრებული ხალხის გაპარებაზე იზრუნა, ვითომ დოკუმენტების გაყალბებას, არასასურველი ჩვენებების მოსპობას რატომ არ იკადრებდა?

ფაქტი ერთია, მეფის სასამართლომ ცხელ კვალზე მკვლელები დაიჭირა. მრავალრიცხოვანი თხოვნების მიუხედავად, ილიას ხსოვნის პატივსაცემად სიკვდილით არ დაესაჯათ ისინი, მაინც დასაჯეს.

რა სამდურავი შეიძლება მეფის სასამართლოს მიმართ ითქვას?

უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებითად, მათ ვერ მოახერხეს მკვლელობის შემკვეთსა და ორგანიზატორებზე გასვლა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი :

1) ვინმე იმერელისა და ბერბიჭაშვილის გაქცევის გამო, შესაძლოა ბუნებრივად გაწყდა ის რგოლი, რომლითაც ძიება შემდეგ ეტაპზე გავიდოდა.

2) პოლიციელები და სასამართლოს მოხელენიც ადამიანები იყვნენ. ისინი შეაშინეს არ გაექექათ იმაზე მეტი, რაც დაჭერილმა გლეხებმა იცოდნენ. სოციალისტებს იმ დროს ნებისმიერი პირისთვის შეეძლოთ დაენიშნათ ტერორი და აღესრულებინათ კიდეც.

3) ნაკლებსავარაუდო მიზეზი მკვლელობის ორგანიზატორებზე არგასვლისა შესაძლოა ყოფილიყო მთავრობის სიმპათია სოციალ-დემოკრატების მიმართ. ვინაიდან სოციალ-დემოკრატები რუსეთის იმპერიის ერთიანობას იცავდნენ, ვინაიდან მთავრობა ამ საკითხში მათ მიმართ სიმპათიას არც მალავდა, (ბოლოს ამიერკავკასიაში ძალაუფლებაც კი გადასცეს, როგორც იმპერიის ერთიანობის დამცველებს) ამ მიზეზის გამო შეიძლება მთავრობა მოერიდა პარტიულ ბოსებზე გასვლას და მათ დაპატიმრებას, მაგრამ ეს ვერსია, ვიმეორებ, ნაკლებსავარაუდოა.

ჩემის აზრით, დაშინებას უფრო ექნებოდა ადგილი, ხოლო ცენტრში, ანუ პეტერბურგში ილიას გამო თავს არავინ მოიკლავდა, ბოლოს და ბოლოს, მათთვის პოლიტიკურად არასანდო მოღვაწე იქნა მოკლული და მკვლელებმა მათ წისქვილზეც დაასხეს წყალი. ერთი სიტყვით, მეფის სასამართლომ ვერ შეძლო შემკვეთისა და ორგანიზატორების დაპატიმრება, მაგრამ დააპატიმრა მკვლელები და ძიება წაიყვანა სწორი მიმართულებით, ანუ პროკურორის განცხადების სახით მაინც მიანიშნა იმ პარტიაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მკვლელად წარმოისახა საზოგადოებრივმა აზრმა. ამ მხრივ ყველაფერი კონცენტრირებულია ორ წერილში. პირველის ავტორი ყოფილი სოციალ-დემოკრატი იროდიონ ევდოშვილი გახლავთ, რომელმაც ილიას მკვლელობით შეძრწუნებულმა გამოუჯახუნა თავის პარტიას კარი.

მეორე წერილს კი აქვს ხელმოწერა ქართველი და მისი ავტორია ვალერიან გუნია. მოხდენილად თქვა გრიგოლ რობაქიძემ, თუ საქართველოს მოურავი ილია ჭავჭავაძე იყო, ილიას სახელის მოურავი ვალერიან გუნია გახლდათო.

გთავაზობთ ილიას თანამებრძოლის და ილიას ყოფილი ოპონენტის წერილებს ხსენებულ საკითხზე:

პოეტის მკვლელები

შვიდ თვეზე მეტია მას შემდეგ, რაც ქართველ ერს ზარდამცემი ამბავი ეუწყა: “მოკლეს ილიაო!” გავიდა თითქმის შვიდნახევარი თვე იმ დღიდან, როცა დაობლებულმა საქართველომ მიაბარა მთაწმინდას დიდის ზეიმ-ზარით გლოვით თავის პირველი შვილი, შესანიშნავი მოამაგე და მოჭირნახულე ჩვენის ქვეყნის და ერისა.

ვინ იყვნენ ილიას მკვლელები? ვინ მოკლა დიდებული პოეტი? ვინ, რომელმა მხეცმა, რომელმა შმაგმა გარეწარმა აღმართა მახვილი ქართველი ერის ქება-დიდების წინააღმდეგ და მოაშორა წუთი სოფელს 70 წლის მოხუცი კაცი-ადამიანი? ვინ იყო ეს მეოცე საუკუნის ქართველი ჰეროსტრატე?

აი ის მწვავე კითხვა, რომელიც მაშინვე ჩაესახა გულსა და სულში ქართველ ერსა და საზოგადოებას და რომელიც დღემდე არ ასვენებს მის სინდისს. ზღვასავით აღელდა და აბობოქრდა ეროვნული გრძნობა: ეს მკვლელობა იმდენადვე ზარდამცემი იყო, რამდენადაც უკურნავი…

მკვლელები კი არსად სჩანდნენ. ჯოჯოხეთის მოციქულნი-კაენები მიიმალნენ, უჩინმაჩინის ქუდი ჩამოიფრატუნეს. შეიქნა ორ გვარი სასტიკი გამოძიება. მთელს ქვეყანას სწყუროდა შეეტყო, თუ ვინ მოსცხო მას მარადის წარუშლელი სამარცხვინო ჩირქი, მაგრამ… გაგვაჩუმეს! – “დაწყნარდით, დამშვიდდით, მოითმინეთ, თავის დროზე ყველაფერი გაიგება და გამოირკვევაო”, გვამშვიდებდნენ გაზეთები. – “ნუ გვიშლით ხელს, მოგვიცადეთ, ყველაფერს ავხსნით და გამოვააშკარავებთ!” – გაიძახოდენ მთავრობის გამომძიებელნი, და სდუმდა დღემდე მრავალ მომთმენი ქართველი ერი, სდუმდა და გულში იკლავდა საშინელს შურს და ბოღმას. სდუმდა, მაგრამ იმავე დროს მისი ფიქრი და გონება გარს უვლიდა საზიზღარ მკვლელებს.

ქართველი ერი დღედაღამე ცხადლივ თუ სიზმრად ეკითხებოდა თავის თავს: ნეტა ვინ უნდა იყვნენ ეს ნაძირალანიო – ფსკერის ჯოჯონი და მახინჯებიო?!

მართლაც, ვის უნდა მოეკლა ერის დიდება, სახელოვანი ადამიანი? უბრალო ქურდებს, ყაჩაღ-ავაზაკებს? არა! ჩვენებური ავაზაკები არ ჰკლავენ კაცებს, მეტადრე მოხუცებულთ და დედაკაცებს; იმათ გულში კიდევ საკმაოდ ჰფეთქს კაცობრიული ნაპერწკალი. ყაჩაღ-ავაზაკებს ჰშიანთ და ამიტომ თუ ძარცვავენ მგზავრთ, კაცს კი იშვიათად ჰკლავენ!

ავაზაკები ჰკლავენ მარტო პირად მტრებს და იარაღით მოსეულთ… ქართველი ავაზაკები არ ასახიჩრებენ თოფის კონდახებით მოხუცებულ ქალებს, როგორც ეს დამართეს ილიას მკვლელებმა მის მოხუცებულ მეუღლეს.

არა, ილიას მკვლელები არ არიან უბრალო ავაზაკები!

მაშ ვინ არიან ილიას მკვლელები? ეგრედ წოდებული “ხულიგანები”? შეუძლებელია. ილია არ იყო რომელიმე მებრძოლ პარტიის წევრი და ბელადი; ის არ იღებდა მონაწილეობას პროპაგანდა-აგიტაციაში, იგი არ იდგა რევოლუციის ქარტეხილში წითელის დროშით ხელში; მან სანაქებოთ აასრულა თავისი დიადი როლი: 50 წლის განმავლობაში იგი დაუღალავად და თავდადებით ემსახურებოდა თავის ბედკრულ სამშობლოს და ქართველების გათვითცნობიერებას. ახლა კი, 70 წლის მხცოვანი და ღვაწლ-მოსილი, იგი სამართლიანად ეძებდა მყუდრო ცხოვრებას თავის მყუდროვე სავანეში, მაგრამ ველურების ტყვიამ ბოლო მოუღო ქვეყნისათვის გატანჯულს და მისუსტებულ გულის ძგერას.

არა, ილიას არ მოკლავდნენ “ხულიგანები”! (ხულიგნებით იმჟამად დაკომპლექტებული იყო მეფის მხარდამჭერი, ე.წ პატრიოტ რუსთა კავშირი. ვალერიან გუნია ან მათ გულისხმობს, ან ილიას მკვლელობის დროს ჩვენს მიერ მოტანილ ლექსში ნახმარ სიტყვა “ხულიგანებს”, რომლის ავტორია ია ეკალაძე. ნ.გ.)

იქნებ პირადი მტრები ყავდა ილიას? არც ესაა მართალი. ილიას არასოდეს არ ყოლია პირადი მტრები გარდა იდეური მტრების – მოწინააღმდეგეთა. ხოლო ილიას მტრები და მკვლელები უსიკვდილოდ უნდა ყოფილიყვნენ და არიან კიდეც საქართველოს ორგულები და მტრები!.. იქნებ რომელიმე პოლიტიკური პარტია მტრობდა ილიას? შესაძლებელია, მაგრამ რამდენადაც ვიცით პარტიები, როგორც მაგალითად ქართველი ესერები, ანარქისტები და ესფერები, ნაციონალისტები და ავტონომისტები განუსაზღვრელ პატივსა სცემდნენ მხცოვან მგოსანს და ქვეყნის პროგრესიულ მუშაკს, მოჭირნახულეს, რაიც აშკარად დამტკიცდა საერთო გლოვა-ზარის დროსა და იმ დრომდე საქართველოში არ ნახული, დიდებული პოეტის დაკრძალვის დროს…

მაშ ვინ არიან ილიას მკვლელები? სად, რომელ პიროვნებაში, ან რომელ პარტიაში იმალება კაენის სახე?!

მრავალ ტანჯულ საქართველოს კიდევ ამ 15 წლის წინათ მოევლინა ერთი საშინელი სენი: აღვირ ახსნილ და ზნე გახრწნილ არსებათა ბრბო, რომელიც სოციალიზმის ნიღაბს ატარებს, მაგრამ ფიქრობს მხოლოდ თავის კუჭსა და “არსების პურზე”. ამ უგუნურთა და ფანატიკოსთა ბრბომ, თავიანთ დემაგოგ-ბელადების შთაგონებით იმ თავითვე უარყო ქართველი ეროვნება, დაგმო ქართული ენა და წარსული, დაგმო ქართველი ერი და მისი თავისუფალი მართვა-გამგეობა და გადიქცა სხვა ერის სოციალ-შოვინისტთა ლაქიებათ და ცენტრალიზმის სახელით ახალ მონობის მღაღადებლათ.

ამ ბრბომ თავი აღიარა “მუშათა პარტიათ”, გააღო ფართოთ თავისი სამიკიტნოს კარები, დაატრიალა არღანი და შერეკა თავის დუქანში პარტიის წევრებათ კაცის მკვლელები, ჯიბგირები, მძარცველები, ქუჩის ბიჭები და სხვა ყოველ გვარი ნაძირალები. ამ უბადრუკმა ბრბომ თავის უნამუსო დამქაშებით დაიპყრო, დაბეგრა და დააფრთხო ისედაც დამფრთხალი ქართველი ხალხი, დააარსა სოფლათ და ქალაქათ კომიტეტები, გაავსო ქვეყანა თავხედ და უმეცარ აგენტებით და პარტიის სახელით ჩაიდინა საქართველოში აურაცხველი საზიზღარი ბოროტებანი, რომელთა აღწერას არ ეყოფა მთელი მრავალ ფურცლიანი წიგნები და რომლებიც აშკარავდება თან და თან და დღითი დღე.

აი ამ ქართველი ეროვნების უარ მყოფელმა ბრბომ იმ თავითვე შეიძულა საქართველოს მოამაგენი, წრფელი მოღვაწენი, უანგარო მუშაკნი და მათ შორის ყველაზე მეტად და უდიერად – ილია ჭავჭავაძე, რომელსაც გაუმართა გაზეთ “კვალსა” და “მოგზაურში” მწვავე ყალთაბანდური პოლემიკა და რომლის შესახებ მოჰფინა ხალხში საზიზღარი ჭორები და ცილის წამებანი.

ამ დაბრმავებულმა ბრბომ დასწვა მახათას ველზე ილიას უკვდავი ნაწერები; ამ ბრბომ დახია და დაგლიჯა ხალხის წინაშე ილიას სურათი; ამ ბრბომ შეაძულა ქართველ გლეხობას მისთვის თავ დადებული ადამიანი, მის ჭირ-ვარამის აღმნუსხველი მგოსანი, მისი მოამაგე და გულ-შემატკივარი… და სწორედ აი აქ იბადება უნებლიე კითხვა: ეს წარმოუდგენელი საზიზღრობა ხომ არ ჩაიდინეს ამ ბრბოს უვიც აგენტებმა?! იმათ ხომ არ მოკლეს ილია ჭავჭავაძე? ეს საშინელი ეჭვი, ეს ზარ დამცემი აზრი ცხოვლად წარმოუდგა ყველა ქართველს განსაკუთრებით “ისრის” N 44 წაკითხვის შემდეგ.

– “ჩვენ მოვკალით ილია ჭავჭავაძე კომიტეტის განკარგულებითო, ეუბნება ბოქაულს გიორგი ხიზანაშვილი; – ილია მოკლეს ინაშვილმა, ბერბიჭაშვილმა, ფშავლიშვილმა და ერთმა იმერელმაო”, ამბობს იგივე.

ნეტავ ვინაა ეს “კომიტეტი”, რომლის განკარგულებით მოქმედებდნენ ეს ცოფიანი ნადირები? ნეტა რომელი პარტიის კომიტეტი მოქმედობდა დუშეთ-საგურამოს რაიონში?!

მკვლელებს ისიც კი უკვირდათ, თურმე, რომ მათ წყევლა-კრულვით იხსენიებდა ქართველი ერი და ჟურნალ-გაზეთობა; მათ ეგონათ, რომ ილიას სიკვდილით სასახელო საქმე ჩაიდინეს, იხსნეს ქვეყანა მტარვალისაგან, ნამდვილად კი მკვლელები საუკუნოთ დაგმო ქართველმა ხალხმა.

ადვილი მისახვედრია, თუ ვინ ყოფილან ილიას მკვლელები. ესენი იყვნენ ბრმა იარაღნი იმ ნამდვილ მკვლელთა, რომელნიც თვალთმაქცურად პარტიის და კომიტეტის ფარდას ეფარებიან.

ახლა ვიკითხოთ, ნეტა ვინაა ეს სამშობლოს უარმყოფელნი, ქვეყნის ორგულნი და ქართველ მოღვაწეთა ჩამქოლავი, მკვლელნი, ხალხის იარა და მძარცველი ბრბო? პასუხი არაა საჭირო, ყველამ ვიცით ვინც ბრძანდებიან ეს რაინდები…

ვიკითხოთ ახლა, ვინ არ მიიღო მონაწილეობა ილიას დასაფლავებაზე? ვისი კომიტეტი გადგა განზე? ვინ აუკრძალა გლეხებს და მუშებს ილიას დაკრძალვაზე დასწრება? ვინ არა სცა პატივი ფეხზე წამოდგომით ილიას ხსოვნას და არ მოისურვა სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა პეტერბურგიდან? ვინ აღიარა გაზეთში უბრალო “ნაფოტათ” ილია ჭავჭავაძე? ვინ გამოექომაგა ილიას მკვლელებს? რატომ? რისთვის?!..

კმარა!..აქ ყველაფერი აშკარაა! აქ ყველაფერი ნათლად სჩანს, ყველაფერი ადვილად გასაგებია! (ჩვენ აქ ახალს არაფერს ვამბობთ, ყოველივე ეს უკვე გამოირკვა გაზეთებიდან).

მომწიფდა ჟამი, რომ ნიღაბი ავგლიჯოთ ხალხის ცრუ ბელადებს. დროა გაახილოს თვალი ჩვენმა ხალხმა და ახალგაზრდობამ! დროა გადაიძროს ლაჩრობის ჩადრი ჩვენმა ინტელიგენციამ და ზოგიერთმა გაზეთებმაც! დროა აღვიჭურვოთ მოქალაქობრივის გამბედაობით! დროა ვიცნოთ მგლები ბატკნის უმანკო ქურქში გახვეულნი და შევაჩეროთ მათი წრეს გადასული თარეში და ვერაგობა-ბოროტებანი!

არ გვინდა სისხლი, არ გვსურს შურის ძიება! საჭიროა გავიგოთ მხოლოდ სინამდვილე. საჭიროა მხოლოდ გაიკრას სამარცხვინო ბოძზე ილიას მკვლელნი და საქართველოს მოღალატენი. საჭიროა ისტორიამ და შთამომავლობამ ამიერიდგან სამუდამოდ გაიცნოს ქართველი ერის და ქვეყნის მტერ-მოყვარეთა სულის სწრაფვა და განზრახვანი. აი ეს არის საჭირო, სხვა – არაფერი!

ქართველი.

იროდიონ ევდოშვილის წერილი სანდრო შანშიაშვილისადმი

“ძმაო სანდრო

მივიღე შენი წერილი, მივიღე და ძრიელაც გამიხარდა. საზოგადოდ ქართველი მწერლის მდგომარეობაში და კერძოდ ჩემს ახლანდელ ყოფაში ზნეობრივი თანაგრძნობა გაზაფხულის სხივია ზამთრის ყინვაზე დაშვებული. შენი წერილიც სწორედ ეს სხივი იყო ჩემთვის. მადლობელი ვარ მეგობარო, იმ ტკბილი წუთებისათვის, რომელიც მე ვიგრძენ შენი წერილის წაკითხვით. მადლობელი ვარ და გიგზავნი ჩემს გულმხურვალე სალამს. ამ მოკლე წერილით ვერ გამოვთქვამ ყველა იმას, რამ მე მინდოდა დიდი ხანია მეთქვა, რაც შხამის ტბად გრიალებს ჩემს გულში და ეს ტბა კი ჩემმა ნამეგობრალებმა დაატრიალეს. მართალს გწერ სანდრო, ვიცი, რომ იმგვარი გადამთხვეულები, რომლისთვისაც შენ კბილები მიგიმტვრევია ბევრნი არიან, მლანძღავენ, მჭორავენ. აქა ვარ, გამოვეცალე იქაურობას, მაგრამ ჩემს ლანდს მაინც უყეფენ და მოპარვით ზურგიდამ მჩხვლეტავენ. კარგა ხანია რაც ამ გველებმა სისინი დაიწყეს. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ამგვარმავე “გადამთხვეულებმაძ ილიას მოხუც, ნაჭირნახულევ გულს ტყვია დაახალეს. ეს ტყვია მეც მომხვდა, როგორც სამგლოვიარო სევდა. მე ხმა ამოვიღე, ლექსით, წერილებით და აქ გაწყდა ჩემსა და მათ შორის შემაერთებელი ძაფი, მაგრამ მე მართალს არ ვამბობ, ძაფი კი არა, ნამდვილი ჯაჭვი. ჯაჭვი, იმიტომ, რომ მათთან ვიყავ მე მიჯაჭვული მთელი ათი-თორმეტი წლის განმავლობაში იდეურად. მხოლოდ საქმე იმაშია, რომ არავინ იცის, როდის დაიწყო ჩემს გულში ბრძოლა. ბრძოლა ორ აზრს შორის: რას ვემსახურო, საქართველოს ერს, როგორც პოლიტიკურად დაჩაგრულ ხალხს, თუ პროლეტარიატს, როგორც ეკონომიურად დაჩაგრულ კლასს, ორივე ჩემთვის ძვირფასი იყო და დღესაც ძვირფასია, მაგრამ როდესაც ქართველმა ესდეკებმა საქართველოს ხსენებაც კი სათაკილოდ გაიხადეს, როდესაც მისი აწინდელი კვნესა მომავალ სოციალიზმის შვებასთან დააკავშირეს და ცხონებას სიკვდილის შემდეგ დაჰპირდნენ, მაშინ კი ჩემი აზრები ჩემმა გულმა გადაატრიალა მათ წინააღმდეგ. ეს მოხდა ჯერ ისევ 1903 წელს. მაშინ მივანებე კიდეც “კვალში” თავი მუშაობას. ნელ-ნელა მიდიოდა ეს ნაკადული ჩემს გულში, ჩუმად, მარტოდ-მარტო ჩემს ფიქრში, ძნელი იყო თორმეტი წლის ნაჭედი ჯაჭვის გაწყვეტა და აი, ილია დამეხმარა მე თავის სიკვდილით. იმ დღიდან კი სამუდამოდ ვიბრუნე პირი ქართველ ესდეკებიდამ და თუ მოვბრუნდები დღეს მათკენ, მივბრუნდები მხოლოდ იმისათვის, რომ მივაფურთხო მათ. ვიმეორებ და შენს ყურადღებას მივაქცევ ორ სიტყვას: ქართველ ესდეკებისკენ-მეთქი. იმიტომ, რომ ასეთი უკუღმართი შეხედულება, როგორც მათ აქვთ ეროვნულ საკითხზე, არც ერთი ქვეყნის სოც. დემოკრატს არა აქვს. დააკვირდი და ყურადღება მიაქციე ავსტრიის ესდეკებს, გერმანელებს და სხვა. მაგრამ თუ დღეს ქართველ მუშას ასეთი უკუღმართი შეხედულება აქვს ეროვნულ კითხვაზე, ამაში რასაკვირველია ქართველი ესდეკი ინტელიგენციაა დამნაშავე. მეც ერთი მათგანი ვარ და მინდა ჩემი შეცდომა გავასწორო. მე ისიც კარგად ვიცი სანდრო, რომ ბევრს ამავე მიზეზის გამო შეგნებულ მუშას და ინტელიგენტს ესდეკს გადმოუბრუნდება ჩემსავით გული, მაგრამ ძრიელ ცოტანი ჰბედავენ მათში კერძო ლაპარაკის დროს თვის გულწრფელი აზრების გამოთქმას, წერვით რომ ეშინიანთ და ემალებიან იმ ზიზღს, რომელიც მე მდევს თან მათი ამხანაგებისაგან, მაგრამ შენ ხომ იცი პოეტის გული კალამს ვერ გაამრუდებს და მეც ვერ გავუძელ ჩემს გულისთქმას. ვამბობ და ვსწერ იმას, რასაც ჩემი გული მელაპარაკება. მათი ნესტრის ტრიალი შეეჯახა ქიზიყის ჯიუტ გულს და დღეს უნდა გითხრა, მე გამარჯვებული ვარ ამ გველებზე. მათი შხამიანი ისარი ვერ აღწევს მიზანს, თუმცა ძვირად კი დამიჯდა ეს სულიერი ბრძოლა. ბევრი ნაღველი გამოვიარე და ამ ნაღველმა სევდის ჩრდილი დაჰკრა ჩემს სულს, ეხლა კმარა ამაზე, რასაც გწერ, შემდეგ წერილებში უფრო უკეთესათ მოვილაპარაკებთ, მოგწერ ჩემი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ მოკლედ: სულის ობლობა, მატერიალური გაჭირვება… მენატრება ადამიანი, რომ ხანდისხან გულს შვება მივსცე მასთან გამოლაპარაკებით. ქონებრივი მდგომარეობა კი ისეთია, რო ხშირათ მენატრება “რჟანოის” პური და თუ საკმაოდ ვიშოვე ხოლმე, ქადასავით შევექცევი. ქალაქი ქალაქუშკაა. იწერები ქუჩის სახელი არ ვიციო და ამიტომ ადრესს კარგად ვერ ვაწერ წერილსო, აქედამ წარმოიდგინე რა ქალაქი იქნება, როდესაც აქ ქუჩით და სახლის ნომრით კი არ ეძებენ კაცს, არამედ ვის სახლში ცხოვრობს პეტროვთან თუ პახომოვთან… როგორც მაგალითად ვსთქვათ ტლუშკაანში იციან ხოლმე ტყაჭაანთ სახლი, მუხრუჭაანთ ნაგომარიო და სხვა. ზაფხულს აქ არა უჭირს რა, უკეთესად ვატარებდი დროს, თითქმის ყოველდღე მივდიოდი მარტოთ-მარტო მდინარე ვოლგაზე ჩემი პატარა ქვაბით და ნემს-კავებით ვთევზაობდი, დროს ვატარებდი და ვიკვებებოდი, ზამთარი დაიწყო და ტანჯვაც გამიორკეცდა. გადმოსახლებულნი პოლიტიკურნი 25 კაცამდეა, მაგრამ მათთან ოფიციალური კავშირი მაქვს მხოლოდ. მათ შორის ოთხი ქართველი მუშა იყო, ეხლა ორიღაა, ორი წავიდა. უნდა გითხრა, რომ ოთხივე მუშა დიდად სიმპატიური ყმაწვილები იყვნენ. მათაც მოჰხვედრიათ საქართველოს სიყვარულის ფრთა და ხომ იცი, მე უფრო ხელს უწყობდი. ასე რო ორივ უკვე მონათლული გავისტუმრე აქედამ. აქ ორნიღა არიან და იმედი მაქვს, ესენიც ისე წავლენ აქედამ, როგორც მათი ამხანაგები. ეხლახან გადმოიყვანეს მეზობელ ქალაქიდამ ერთი ქართველი სტუდენტი – სარაჯევი. ქალაქში დაბადებული და გაზრდილი. ქართულს არ ლაპარაკობს, არ ვიციო. ჰმალავს, მიჰქარავს ეს ღორი. ქალაქში ე.ი. თბილისში გაზრდილმა ქართველმა ქართული არ იცის. შეიძლება, კაი ბიჭიც იყოს, ჯერ არ ვიცნობ კარგად, მაგრამ სამწუხაროთ ამ ერთადერთმა მიზეზმა უკვე შემაძაგა ეს გადაგვარებული თხა. შენი მოძღვნილი ლექსი ჩრდილოეთში წავიკითხე, მიჩვენა ერთმა ქართველმა მუშამ ობმოკიდებულმა მარქსისტმა, რომელსაც ცოტა ობი გადავაცალე, მაგრამ სამწუხაროდ მალე გაანთავისუფლეს და ჟანგი მაინც თან გაჰყვა. ასე, ჩემო სანდრო, უნდა ვისარგებლოთ ყოველი წუთით და ყოველი შემთხვევით. ამიტომ აი რას გწერ: არ დაჰკარგო ძვირფასი დრო ახალგაზრდობისა, ისწავლე, კარგად მოემზადე, ჩამოდი შეიარაღებული და შევუდგეთ ერთად რედაქციაში მუშაობას. მე თუმცა უკვე ცხოვრებამ მიმამტვრივ-მომამტვრივა, მაგრამ იმედი მაქვს კიდევ ერთი ათიოდე წელიწადი შემოგყვეთ როგორმე. ამ წუთას და კიდევ წელიწადნახევარი, ვიდრე გამანთავისუფლებენ, მე თავს მკვდარივით ვგრძნობ, გავცოცხლდები მაშინ, როდესაც კვლავ დავბრუნდები თბილისში. აბა შენ იცი როგორი შეიარაღებული ჩამოხვალ და გავწევთ ერთათ ჭაპანს. მწყურიან ბრძოლა, როგორც მკათათვეში ეხის წყალი! კარგა ხანია შენი აღარა წამიკითხავს რა. რას შვრები, რატომ აღარას ჰბეჭდავ. “სახ. გაზეთში” აღარ ვგზავნი ლექსებს. მაწყენინეს ძრიელ. რამდენიმე ლექსი ექვსი-შვიდი თვე ედვათ იქ და არ დაბეჭდეს. მართალია ცოტა სახიფათონი იყვნენ, მაგრამ საქმე ის არი რო მიზეზსაც კი არ მატყობინებენ რატომ არ ჰბეჭდავენ. მეც აღარ ვუგზავნი და მივსწერე, რომ აღარც ის ლექსები დაბეჭდონ. ჯერჯერობით ასეა. ბეგლარა ხომ იცი, როც ჰსვამს არა სცალიან და როცა არ ჰსვამს ეძებს, რომ ისევ დალიოს, ამიტომ არც მაშინ სცალია წერილებისთვის.

23 ნოემბერი, 1911 წ.”

მეორე წერილი

ი. ევდოშვილისა იმავე ადრესატისადმი

“მივიღე შენი მეორე წერილიც, ვწუხვარ, რომ ჩემი პირველი წერილი არ მიგიღია, იმ წერილში ბევრ რამეს გწერდი, სახელდობრ ჩვენს ეგრეთ წოდებულ იმ “ესდეკებზეძ რომელთაც “ესდეკობა” იმაში მიაჩნიათ, რო აგინონ ყოველივე ქართული და, მისი წარსული, მისი აწმყო და და მისი მომავალი იდეალი. ერთის სიტყვით, ყველაფერი, რასაც კი ქართული ელფერი აძევს. ეს ის ტიპნი არიან, რომელთაც თავისი ინტერნაციონალობა ჰსურთ თავის თავის დაკნინებით და უარყოფითად გამოხატონ და დაამტკიცონ. მათში ბევრი გულწრფელად აღიარებს ამ მცნებას, სჯერა თავისი კოსმოპოლიტობა, ამაში ჰხედავს თავის სიდიადეს და როგორც ჩინეთის მწირი ფრჩხილებზე შემდგარი დაჰშტერებია თავის კუჭს, სადაც მისის აზრით ჰმარხია ქვეყნის მხსნელი იდეა. ბევრია მათ შორის ფლიდიც, რომელსაც ერთი მუჭა ღომი მთელს ევროპას ურჩევნია, მაგრამ მიუხედავად თავისი უტვინობისა, ეშმაკობა მაინც შესწევს, ეგლისება მუშებს და ატყუებს მათ. ხომ იცით ზერა-ქვერობა, ეს მუშებიც ჰბაძავენ მას სიტყვების რახა-რუხში, ყოყლოჩინობაში და კმაყოფილნი, რომ გამეცნიერდნენ, ასე უცებ დადიან გაბღენძილნი. ძნელია მათთან კამათი – ძმურს სიტყვას გესლიანი ეჭვი უხვდება, მამულიშვილურ წმინდა გრძნობას ბრამინის კუჭი. ის მზადაა გაგფატროს, შეგჭამოს, ოღონდ ნუ ჩამოაგდეფ იმ “ინტერნაციონალურ” ოჩოლფეხიდამ, რომელზედაც ის ასე ადვილად ავიდა. “თქვენ ნამდვილი ფილოსოფოსები ხართ”-ასე უთხრა ერთმა ჩვენმა ნიჭიერმა მარქსისტმა პუბლიცისტმა ერთხელ ქართველ მუშებს. ეს პირი კი მუშებს ისე სწამთ, როგორც მართლმადიდებელს ღმერთი, მოდი და ამის შემდეგ უთხარ ამ “ფილოსოფოსს”, რომ “ისწავლე სწავლის მძებნელო, მიჰყე დავითის მცნებასა-თქო…” ამგვარ ნიმუშებს ბევრს შეჰხვდები ჩვენში. როდის დახალისდება ეს პარტია, როდის ეღირსება ქართველ პროლეტარს ჭეშმარიტი სიტყვა თავისი ბელადებიდან ნაციონალურ კითხვაზე, ან თვით ამ ბელადებისთვის როდის გამოირკვევა იგი იმ პირობებში, რა პირობებშიაც უნდა პრაქტიკულად იმოქმედოს კაცმა წინამძღვარებულს იდეით სამწუხაროთ ვერ გამოვიცნობთ, უკეთ ვსთქვა, ეს მალე მაინც არ მოჰხდება. ამის შესახებ კიდევ მოგელაპარაკები შემდეგ წერილებში. ჩემს ახალ პოემაზე მწერ სინანულს და “სახალხო გაზეთისადმი” საყვედურს, რომ არ დაუბეჭდიათო. მართალი არა ხარ, მე მათთვის არ გამიგზავნია ეს პოემა, და არც მიფიქრია გამეგზავნა. მხოლოდ ნიკო კურდღელაშვილს მივსწერე შინაურულათ, რო მაქვს ერთი პოემა დათავებული მეთქი და იმან “ჩააგდო” გაზეთში ის, რასაც შენ წაიკითხავდი. ამ პოემის პირველი ნაწილი პროზითაა დაწერილი, მეორე ნაწილი ლექსად, მეორე ნაწილი ცალკე მთლიანს წარმოადგენს და ლ. ბოცვაძე დაჰბეჭდავს “განათლებაში”, როგორც მწერს, იქნება ცალკე წიგნათაც გამოსცეს.”

აქ შეგნებულად მოვიტანე რადიკალურად განსხვავებული მსოფლხედვისა და ურთიერთდაპირისპირებული პარტიების 2 წარმონადგენლის წერილები.

ვალერიან გუნია ილიას მიმდევარი და მეაბჯრე იყო. იროდიონი კი აქტიური რევოლუციონერი. რევოლუციონერი არა მხოლოდ კალმით, არამედ პრაქტიკული საქმიანობითაც. ერთხანს მეფის ჯარში მსახურობდა, იქ ჯარისკაცთა შორის ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას. შოულობდა იარაღს და მიჰქონდა თავისი პარტიულ ამხანაგებისთვის. სწორედ ეს საქმიანობა გაუხსენეს და 1909 წელს დააპატიმრეს. ეს წერილები სწორედ გადასახლებიდან არის გამოგზავნილი.

გუნიას თუ დააბრალებდნენ, რომ პარტიული ანგარიშით ამხელდა სოც-დემოკრატებს, იროდიონს რაღა რჯიდა, კაცი ხომ რევოლუციონერობის გამო იყო დაპატიმრებული? ესეც არ იყოს, მთლად მეგობარი გახლდათ სტალინისა და გადასახლებაში 1 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ასე რომ, ევდოშვილის მიერ საკუთარი ამხანაგების მხილება ყველაზე ძვირფასი დოკუმენტია მეისტორიესათვის.

ზემოთ ვთქვი, ილიას მკვლელობის შემდეგ სოციალ-დემოკრატებზე პირდაპირ ხელის დადება დიდ გაბედულებად ითვლებოდა-მეთქი. ვალერიან გუნია გაბედული აღმოჩნდა. როგორც კი ხიზანიშვილის ჩვენება შეიტყო, პირდაპირ დაადო ხელი პარტიას, 1908 წელს. ზემოთ იმასაც ვამბობდით, თანდათანობით პოლიტიკურ ბაზარზე სოციალ-დემოკრატების ფასმა იკლო. განსაკუთრებით 1909-1910 წლიდან მათი დაპატიმრებები ისეთი მასშტაბით წავიდა, მათი მხილება უკვე, ასე თუ ისე, შეიძლებოდა. ეს დროც დადგა.

წყარო: http://24saati.ge

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი